დღეს პარლამენტში საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნულ ბანკში დაბრუნების გადაწყვეტილებას განიხილავდნენ. უმცირესობამ რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც გაამახვილა ყურადღება. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ სიტყვით გამოსვლის დროს, დეპუტატებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა.
საპარლამენტო უმცირესობის მდივნის განცხადებით, მმართველმა გუნდმა უკვე არაერთ საკითხზე დაუშვა შეცდომები, განსაკუთრებით კი რუსთავი 2-ის საქმეზე. მან უმრავლესობას მოუწოდა ეღიარებინათ ის შეცდომები, რომლებიც მათ ეროვნული ბანკისთვის ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევით დაუშვეს.
„სჯობს, რომ საზოგადოებას ღიად აუხსნათ, როგორც მოგიწიათ რუსთავი 2-ის საქმეზე აღიარება, როგორც გიწევთ ციანიდის საქმეზე აღიარებად, აქაც აღიაროთ, რომ ეს იყო მაშინ წმინდაწყლის დავა 2 კერძო სუბიექტს შორის, დიახ, ივანიშვილს და ქადაგიშვილს შორის, შესაძლებელია ეს იყო დავა ივანიშვილს და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ ივანიშვილის ნებას და ამ დავის გამო თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ მმართველს გუნდს დღეს არ აწყობს იმის თქმა, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, რადგან ის უკვე ხელში ჩაიგდო.
„ბატონ ივანიშვილს ეკუთვნის უკვე ინსტიტუტები და უკვე აღარ მოგწონთ, როდესაც მათ აკრიტიკებენ,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრები ეროვნული ბანკის თაობაზე ერთ „მესიჯზე ვერ ჩამოყალიბდნენ“, ისევე, როგორც ეს მათ რუსთავი 2-ის საკითხზე გააკეთეს.
ავტორი: ანა წერეთელი.