19 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის დახურვა არის ბიძინა ივანიშვილის აკვიატება - ხათუნა სამნიძე

„ეს არის მდარე, იაფფასიანი ტყუილი და შეურაცხყოფას აყენებენ საქართველოს მოქალაქეებს,“ - ასე აფასებს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე მმართველი გუნდის ლიდერების მიერ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპამ ხელისუფლებას არა ერთი გაფრთხილება მისცა, თუმცა მმართველი ძალა ამ მიმართვებს ყურადღებას არ აქცევს.

„იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ საღი გონებით წაიკითხოს ეს მიმართვები, აღიქვას ეს რეალურად და არა ისე, როგორც აბსოლუტური ძალაუფლების ხიბლში ჩავარდნილი ხელისუფლების გონებით, საღად შეხედოს ამ პროცესს, პრემიერმინისტრისგან გვესმის აბსოლუტურად დროში აცდენილი განცხადება, რომ დავა არის ორ სუბიექტს შორის, ის დარჩა წარსულში და სპიკერის მხრიდან, უმრავლესობის მხრიდან მდარე, იაფფასიანი, შეურაცხმყოფელი განცხადებები, როდესაც ისინი აცხადებენ, რომ თურმე რუსთავი 2 ებრძვის საქართველოს, სახელმწიფოს,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მან ამგვარი განცხადებები ანტიდასავლური განწყობების გასაძლიერებლად მიზანმიმართულ ქმედებად დაასახელა. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა კარგად იცის, როგორ, რა სახელით განიხილება სტრასბურგის სასამართლოში დავები.

„ინდივიდები იმარჯვებენ სასამართლოში, მაგრამ ამ ადამიანებს არ უწოდებენ სახელმწიფოს მოღალატეებს. ისინი იგებენ სასამართლოში დავას იმიტომ, რომ ისინი დაჩაგრა იმ ქვეყნის ხელისუფლებამ,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ხათუნა სამნიძე აღნიშნავს, რომ რუსთავი 2-ის დახურვა არის ბიძინა ივანიშვილის „აკვიატება“. 

დღის ამბები