რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქცია-კონცერტზე შეკრებილებს სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიმართა. ნიკა გვარამიამ მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა. მან კონკრეტული მოსამართლეების გადადგომაც მოითხოვა.
„ვზეიმობთ ძალიან დიდ გამარჯვებას, ომი დამთავრებული არ არის, ჩვენი ომი უთანასწოროა, ჩვენს წინააღმდეგ არის ბევრი ფული, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ არ არის სიმართლე, სიმართლე ჩვენს მხარესაა და ჩვენ გავიმარჯვებთ, დღევანდელი დღე არის ქართველი ხალხის დამსახურება,“ - განაცხადა ნიკა გვარაიამ და ასევე დაამატა, რომ „ევროპა წამოვიდა ჩვენკენ“.
ნიკა გვარამიამ ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის რუსთავი2-ს ვერ გააჩუმებს.
„ის რუსთავი2-ს ებრძვის, ეს ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს. მან შეიძლება, ვიღაცეები გააჩუმოს, მაგრამ ვერ გააჩერებს ხალხს. რუსთავი2 არის ხალხის ხმა და ვერ გააჩუმებს ვერც რუსთავი2-ს,“ - აღნიშნა გვარამიამ.
ნიკა გვარამიამ მადლობა გადაუხადა პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორს, საერთაშორისო საზოგადოებას, ევროპელ მოსამართლეებს, რუსთავი 2-ის საქმის განმხილველ ქართველ მოსამართლეებს კი გაყიდული მონები უწოდა და მათი გადადგომა მოითხოვა.
ნიკა გვარამიას თქმით, სასამართლოს უნდა ჩამოშორდნენ: ნინო გვენეტაძე, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მზია თოდუა, ზურაბ ძლიერიშვილი, ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე, გიორგი შავლიაშვილი, ნატალია ნაზღაიძე, ნათია გუჯაბიძე და შორენა ყაველაშვილი.
„ვითხოვთ, რომ ეს ხალხი წავიდნენ სასამართლოდან,“ - აღნიშნა გვარამიამ და დასძინა, არ შეიძლება, ეს მოსამართლეები ლექციებს კითხულობდნენ. ამიტომ რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა სტუდენტებს მოუწოდა, არ დაესწრონ მათ ლექციებს.