თინათინ ბურჯალიანი იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას პირნათლად შეასრულებს.
განცხადება ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ კურიერთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა, სადაც ის სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე საუბრობს, რომელმაც რუსთავი2-თან დაკავშირებით მიიღო.
„ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ხელისუფლება დაიწყებს სხვადასხვა გზების ძიებას, როგორ არ შეასრულოს ეს გადაწყვეტილება. ამის მაგალითი ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებში მხოლოდ რუსეთმა დაუშვა,“ - განაცხადა თინათინ ბურჯალიანმა.
მისი თქმით, „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყანაში სამართლებრივად ცვლის ბევრ რამე, ყოველ შემთხვევაში, დღემდე ეს ასე იყო".
„შესაძლებელია, მცდელობა ჰქონდეს ხალვაშს, ან სხვა ვინმეს რომ რაღაცნაირად გვერდი აუაროს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას. ასეთი მცდელობის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ შეუძლებელია, ეს მოხდეს იმგვარად, რომ არ დაირღვეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების დაკისრების შესახებ,“ - აცხადებს ბურჯალიანი.
ბურჯალიანის თქმით, თუკი ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს, ეს ძალიან მძიმე შედეგის მომტანი იქნება.
თინათინ ბურჯალიანი უმრავლესობის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ისინი ამბობენ, რომ სტრასბურგი ვერ ცვლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამბობს, რომ „ევროსასამართლოს შეუძლია, ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებები გამოაცხადოს კონვენციის საწინააღმდეგოდ და დააკისროს სახელმწიფოს ვალდებულება, რომ უზრუნველყოს კონვენციით დაცული უფლებების სრული პატივისცემა ქვეყანაში“.