სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რუსთავი2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შემდეგ, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში დავის გაგრძელების ვერსიაზე მუშაობს.
ქიბარ ხალვაშმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლოა საკუთრების კონსტიტუციური უფლების დაცვის მოტივით მიმართოს. ამ ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო On.ge ავრცელებს.
ამ ინფორმაციას ნაწილობრივ ქიბარ ხალვაშის ადვოკატიც ადასტურებს, რომელიც კონკრეტულ გეგმაზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.
რუსთავი2-ის იურისტები ვარაუდობენ, რომ მოსარჩელე მხარე შეეცდება, დროებითი ღონისძიების შესახებ ევროსასამართლოს შედეგს გვერდი აუაროს. თუმცა, აცხადებენ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილებით, მათ შორის სამართლებრივით, რომელიც ამ პროცესში ბარიერს შექმნის, ევროკონვენცია დაირღვევა.
არასამთავრობო სექტორში მომუშავე იურისტები განმარტავენ, რომ დავის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგრძელებლად, ერთადერთი გზა ევროპის კონვენციის 34-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნაა და ამასთანავე, ამ საკითხის გასაჩივრების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს, მმართველ გუნდს ან პარლამენტის 1/5-ს შეუძლია.
ანალოგიური გადაწყვეტილება პუტინმა რამდენიმე წლის წინ მიიღო იუკოსის საქმეზე, როდესაც რუსული კანონმდებლობა ევროსასამართლოს ვერდიქტზე მაღლა დააყენა და პრაქტიკულად ევროპისგან თვითიზოლაცია გამოაცხადა.
სტატიაში, რომელიც დღეს სააგენტო On.ge გამოაქვეყნა, კიდევ ერთ შესაძლებლობაზეა საუბარი. სტატიის ავტორი აცხადებს, რომ ხელისუფლება პროცესეზე გავლენის მოხდენას სხვა ფორმითაც შეეცდება. სააგენტოს ინფორმაციით, ხელისუფლება ნიკა გვარამიას ხელმძღვანელობიდან ჩამოშორებას არხის მფლობელებთან მოლაპარაკებების გზით ცდილობს.
როდის და რა ფორმით გააგრძელებენ ხალვაშის წარმომადგენლები დავას საქართველოს სასამართლოში, მას შემდეგ გაირკვევა, რაც ცნობილი გახდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის არსებით განხივლაში მიღების შესახებ.