რუსთავი 2-ის საქმეზე და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მთავრობის წარმომადგენლის განცხადებას დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან უპასუხეს. პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, საქართველომ სამართლის ევროპულ და რუსულ სტანდარტებს შორის არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა.
პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა ევროსასამართლოს გადაწვეტილების იქნება დარტყმა საქართველოს ევროპულ მომავალზე. ამის შესახებ ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება არცერთ მთავრობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია და პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველო დაიცავს ნაკისრ ვალდებულებებს და უარს არ იტყვის ევროინტეგრაციაზე.
„საქართველოს ევროპული გზა და ევროპული მომავალი შეუქცევადია. საქართველომ დიდი ხნის წინ გააკეთა არჩევანი ევროპულ სტანდარტსა და რუსულ სტანდარტს შორის. 1999 წელს ჩვენ უპირობოდ შევუერთდით ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას, რითიც განვაცხადეთ, რომ ვიზიარებთ და მზად ვართ დავიცვათ ევროპული ფასეულობები. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვაღიარეთ ევროსასამართლოს უზენაესობა და ავიღეთ ვალდებულება კონვენციის ყველა მუხლის შესრულებაზე. დღეს, როდესაც ასე ახლოს ვართ ევროპასთან, როგორც არასდროს, ნებისმიერი კითხვის ნიშნის დასმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების კონტექსტში, არის დარტყმა საქართველოს ევროპულ მომავალზე. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე არასოდეს, არცერთ მთვრობას არ დაუყენებია ეჭვქვეშ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება. შესაბამისად, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველომ უნდა დაიცვას ნაკისრი ვალდებულებები და არ გადაუხვევს ევროპული გზიდან და არ იტყვის უარს ევროინტეგრაციაზე,“- განაცხადა ეკა მიშველაძემ.