"სტრასბურგის სასამართლოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ტექნიკურად შესაძლებლობა არ აქვს,“- ეს განცხადება ვიცე პრემიერმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა. მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველოში არის სასამართლოს სამი ინსტანცია.
„კვირის პალიტრას ინტერვიუ მივეცი და არასწორად იყო გამოტანილი. სტრასბურგის სასამართლო არ არის მეოთხე ინსტანცია, საქართველოში არის სასამართლოს სამი ინსტანცია და ის იღებს გადაწყვეტილებას ქონებრივ დავასთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლო, როგორც განმარტა არა ერთმა სპეციალისტმა და პოლიტიკოსმაც, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, დააბრუნოს სასამართლოს განხილვაში ესა თუ ის საქმე, ანუ სტრასბურგის სასამართლოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ტექნიკურად შესაძლებლობა არ აქვს. იმასაც ვადასტურებ, რომ ჩვენ ვართ სწორედ ის ხელისუფლება, რომელიც თავის ერთერთ მიღწევად იხილავს პატივისცემას ევროსტრუქტურების და მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოსი,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.