არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეს ეკონომიკის მინისტრის მიერ ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას აფასებენ.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ რუსთავი2-ის საკითხზე სტრასბურგის გადაწყვეტილება ინვესტორებისთვის სწორედაც რომ დადებითი სიგნალია. ისინი ხელისუფლებას ურჩევენ, რომ მათ, პირველ რიგში, სტრასბურგის გადაწყვეტილებით იხელმძღვანელონ.
„ახლა დისკუსია იმაზე, რომელ მინისტრს რომელი უფლება მიაჩნია უფრო უპირატესად, საერთოდ აზრს მოკლებულია, ჩემი აზრით. აქ არსებობს გადაწყვეტილება საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული და სახელმწიფო და მისი ყველა მინისტრი ვალდებულია, ამ გადაწყვეტილებას დაემორჩილოს,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანალიტიკოსმა, გიორგი ბერაიამ.
შეფასება გააკეთა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტმა, გიორგი გოცირიძემ.
„ეს ღონისძიება არამარტო არსებული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებისკენ იყო მიმართული, არამედ მომჩივანის საკუთრების უფლების დასაცავადაც იყო მიმართული,“ - განაცხადა გიორგი გოცირიძემ.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, ბათუ ქუთელიას, თქმით, "ახლა არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერიოდში და აქ დაშვებული ნებისმიერი შეცდომა დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ ძვირად დაუჯდება საქართველოს“.
„ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების, ზოგადად, ევროპული ინსტიტუტების პოზიციის ეჭვის ქვეშ დაყენება, არის ძალიან სახიფათო ტენდენცია," - აცხადებს ბათუ ქუთელია.