გიორგი გახარიამ რუსთავი2-ის საქმის სტრასბურგის სასამართლოში განხილვის შესახებ ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრი აღსრულების მექანიზმების შეჩერების პირობებში საკუთარების უფლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების რისკს ხედავს და ამბობს, რომ "ის დისკრეცია, რომელიც სახელმწიფოს აქვს, შეუძლია და ლეგიტიმური უფლება აქვს, გამოიყენოს, რა მიმართულებითაც უნდა".
ეკონომიკის მინისტრმა რუსთავი2-ის საკითხზე სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღეს ორჯერ გააკეთა განცხადება. რამდენიმე საათის წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რასაც საზოგადოების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა, მეორე განცხადება გააკეთა, სადაც იგივე შინაარსი გაიმეორა.
"ამ შემთხვევაში სიტყვის თავისუფლების პრიორიტეტის დაყენება საკუთრების თავისუფლების წინაშე ჩემთვის ცოტა გაუგებარია და ვთვლი, რომ არის რისკების შემცველი. მე, როგორც ეკონომიკის სწრაფ ზრდაზე პასუხისმგებელი ადამიანი, ვამბობ, რომ ჩვენთვის ძალზე სახიფათო და რისკის შემცველია აღსრულების ინსტრუმენტებისა და მექანიზმების მსგავსი შეჩერება, რასაც შეიძლება მომავალში საკუთრების უფლების რისკის ქვეშ დაყენების რაღაც პოტენციალი გააჩნდეს... თუმცა, აღსრულების მექანიზმების შეჩერების პირობებში საკუთრების უფლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების რისკს ვხედავ. ამიტომ ვთვლი, ის დისკრეცია, რომელიც სახელმწიფოს აქვს აბსოლუტურად კანონიერი, მას შეუძლია და ლეგიტიმური უფლება აქვს გამოიყენოს, რა მიმართულებითაც უნდა,” - განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის აქტიურ ეტაპზეა და საკუთრების უფლების აღსრულების მექანიზმების შეჩერებას „რისკის შემცველად“ აფასებს.