„ქართული ოცნება ხაზგასმით აფიქსირებდა, რომ ჩვენ ვართ ნეიტრალური მაყურებლები ამ პროცესის,“ - ასე აფასებს ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკური საბჭოს წევრი, გედევან ფოფხაძე რუსთავი2-ის საქმეს.
კურიერის ეთერში მან აღნიშნა, რომ ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ჯეჯელავას და მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებების მნიშვნელობა თავად მათთან უნდა დაზუსტდეს. მან აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება არის მნიშვნელოვანი, თუმცა ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრმა დაამატა, რომ „ეს ფრაზა არ ნიშნავს იმას, რომ მე ვაკნინებ სხვა უფლებას".
„ეს იყო დავა ორ კერძო სუბიექტს შორის და ხელისუფლების დამოკიდებულება იყო შესაბამისი,“ - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოში დავის განხილვის დროს სახელმწიფოს კერძო მოტივაცია არ ექნება.
„მოტივაცია ექნება ერთადერთი, რომ პროცესში შენარჩუნდეს ის სამართლებრივი ძირითადი მიმართულება, რომელსაც ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ შეგვენარჩუნებინა შიდა ეროვნული სასამართლო სისტემაში დავის დროს და ახლაც უნდა გაკეთდეს იგივე. აქ არანაირი კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს. ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე საკუთრების უფლება ერთნაირად მნიშვნელოვანია და ამ ორ უფლებას შორის რაიმე უპირატესობის განსაზღვრა იქნება ყოვლად დაუშვებელი,“ - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.