19 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
ხელისუფლება დაინტერესებულია გვერდი აუაროს სტრასბურგის გადაწყვეტილებას - ოპოზიცია "რუსთავი2"-ის საქმეზე ხელისუფლებას აკრიტიკებს

რუსთავი 2-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ეკონომიკის მინისტრის შემდეგ მორიგი განცხადებები კეთდება უმრავლესობაში.

მმართველი პარტიის წევრებიც საკუთრების უფლების დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ საკუთრების უფლება და სიტყვის თავისუფლება, ერთ დონზე უნდა იყოს დაცული.

„აქ არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ევროპას ვემიჯნებით და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, უკვე იქნა ქართული მართლმსაჯულების სისტემის მიერ გადაწყვეტილება მიღებული. მოხდა ევროსასამართლოში ამ საკითხის გადატანა, რომელიც არ ამოწმებს საკუთრებასთან მიმართებაში არსებულ პრობლემას, არამედ ამოწმებს სიტყვის თავისუფლებასთან მიმართებაში ხომ არ დაირღვა რამე,“ - განმარტავს დავით მათიკაშვილი.

ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას არა საკუთრების უფლების დაცვა, არამედ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლა სურს.

„მთავრობის მხრიდან გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დამოკიდებულებას, რომ მათ საერთოდ არ აინტერესებთ საკუთრების უფლება, მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ, შეცვალოს რუსთავი 2-მა სარედაქციო პოლიტიკა. ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ რამენაირად გვერდი აუარონ სტრასბურგის გადაწყვეტილებას და მიაღწიონ ერთადერთ შედეგს, რომ რუსთავი 2-დან აღარ ისმოდეს კრიტიკული აზრი,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა.

ხელისუფლებას რუსთავი 2-ზე ზეწოლაში ადანაშაულებს მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო. 

„ჩვენ ძალიან ცუდ გზას ვადგავართ, როგორც ჩანს. ეს ევროსასამართლოს მიმართ დაწყებული კრიტიკა და მითქმა-მოთქმა, ეს არის ცეცხლთან თამაში და  პირველ რიგში ეს არის უარი იმ სამართლებრივ ჩარჩოებზე, რომელშიც ჩვენ ჯერ კიდევ წლების უკან მოვექეცით, ეს არის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენცია. აქედან გამომდინარე, ეს არის გზა პირდაპირ რუსეთისკენ,“ - აცხადებს გიორგი ტუღუში.

ეკონომიკის მინისტრმა გუშინ ორჯერ გააკეთა კომენტარი ამ თემაზე. გიორგი გახარიას განცხადებით, საკუთრების უფლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე გამოხატვის თავისუფლება.

დღის ამბები