სტრასბურგის გადაწყვეტილებამ გარკვეული კითხვები თუ გაკვირვება გამოიწვია, მათ შორის საერთაშორისო უწყებებშიც - ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე საუბრისას გააკეთა.
ჩუგოშვილი ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც გახარიამ თქვა, რომ აღსრულების მექანიზმების შეჩერების პირობებში საკუთრების უფლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების რისკს ხედავს.
ვიცე სპიკერი ამბობს, რომ მიუხედავად კითხვებისა და გაკვირვებისა, საქართველოს ხელისუფლებას სრული პატივისცემა აქვს ევროპული სტრუქტურების მიმართ და შესაბამისად, იქცევა ისე, როგორც შეეფერება ევროსაბჭოს ღირსეულ წევრს.
“სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აქამდე არ მიუღია, კონკრეტულად ამ მუხლებთან დაკავშირებით, შეჩერების მექანიზმი გამოყენებული აქამდე არ ყოფილა. ამან, რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვები თუ გაკვირვება გამოიწვია, მათ შორის საერთაშორისო უწყებებშიც. მე მქონდა შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა პირებს გავსაუბრებოდი. მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს არის სასამართლო, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე სასამართლო. ჩვენ სრული პატივისცემა გვაქვს ევროპული სტრუქტურების მიმართ და შესაბამისად, ვიქცევით ისე, როგორც შეეფერება ღირსეულ წევრს ევროსაბჭოსი,” - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.