რუსთავი2-ის თემაზე პარლამენტში კამათი გრძელდება. სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილება განსხვავებულად აფასებენ ქართული ოცნებასა და ოპოზიციაში.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი, მმართველი გუნდის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის პირები, რომლებმაც შესაბამისი განცხადებები გაკეთეს, გულისხმობდნენ იმას, რომ ერთი უფლების დაცვის ხარჯზე არ უნდა მოხდეს მეორე უფლების დაკნინება.
”აბსოლუტურად ყველა უფლება, რომელიც არის კონსტიტუციით დაცული, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ შორის ეს არის, რა თქმა უნდა, საკუთრების უფლება. ერთი უფლების დაცვის ხარჯზე არ უნდა მოხდეს მეორე უფლების დაკნინება და ამას გულისხმობდნენ ის პირები, რომლებმაც შესაბამისი განცხადებები გააკეთეს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროსასამართლოში მიღებულ გადაწყვეტილებას, თუმცა, აქ საუბარია იმაზე, რომ გარკვეული მოქმედებები შეჩერდა, მაგრამ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპული სასამართლო ყველა არსებულ სიტუაციას განიხილავს,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგი წერეთელის, თქმით, ეს არის დავა სახელმწიფოსა და თავისუფალ მედიას შორის.
“ხელისუფლება ჯიუტად აგრძელებს იმ კურსს და ნარატივს, რომელიც ჰქონდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ ეს არის კერძო დავა სუბიექტებს შორის და აქ არაფერი არ არის სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული. სტრასბურგის სასამართლომ ძალიან ნათლად თქვა, რომ აქ არის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა. ეს არის დავა სახელმწიფოსა და თავისუფალ მედიას შორის,“ - აღნიშნა წერეთელმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ბიბილაშვილი, კი აცხადებს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტი, რომელზეც დგას თანამედროვე ევროპული დემოკრატია.
“თვითონ ის რიტორიკა, რომ ეს საკუთრების უფლებას შეეხება, არის, უბრალოდ, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტი, რომელზეც დგას თანამედროვე ევროპული დემოკრატია და, თავისთავად, არის გარანტია სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვისა. აქედან გამომდინარე, რომელი უფრო წინ უნდა დგებოდეს, არანაირი კითხვა არ არსებობს,“ - განაცხადა ბიბილაშვილმა
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, რუსთავი2-ის საქმეში ცალსახა უპირატესობას ის საკუთრების უფლების დაცვას ანიჭებს.