არასამთავრობო ორგანიზაციები რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან. მათი თქმით სტრასბურგის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენება საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას.
“ეს დისკუსია არის ყურადღების გადატანის მცდელობა სხვა საკითხებზე იმიტომ, რომ ყველასთვის ცნობილია, ყველასთვის ეჭვგარეშეა ის, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო განიხილავს ყველა უფლების საკითხს და მისთვის არის მნიშვნელოვანი ყველა უფლების დარღვევა,“ - განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის, თქმით, ეს არის ის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ.
“რაც არ უნდა ილაპარაკონ პოლიტიკოსებმა, დღეს ჩვენ გვაქვს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც ავალდებულებს საქართველოს, რომ შეასრულოს ეს გადაწყვეტილება და შეაჩეროს ჩვენი სასამართლოს სისტემის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის ის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ,“ - აღნიშნა გიგაურმა.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, რუსთავი2-ის საქმეში ცალსახა უპირატესობას ის საკუთრების უფლების დაცვას ანიჭებს.