31 მაისი 2024,   01:50
ვრცლად
როცა საუბარია განსხვავებულ აზრზე, უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური ჟონგლიორობა - ზაზა გაბუნია

“გადავდივართ უკვე მსჯელობის იმ ნაწილზე, სადაც გადაწყვეტილებები იქნება მისაღები, თუ რა ფორმას შეიძენს და მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - მწვანეების თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა გაბუნიამ კურიერის პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით.

ის აღნიშნავს, რომ როდესაც პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე საუბრობენ, აუცილებელია თითოეული აზრი არგუმენტირებულად იყოს გადმოცემული.

„როდესაც საუბარია აზრთა სხვადასხვაობაზე საკითხთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არგუმენტაცია, რომელიც განსხვავებულ აზრს გულისხმობს, დარჩეს პროფესიონალიზმის ფარგლებში და გამოირიცხოს პოლიტიკური ჟონგლიორობა თემაზე,“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისი აზრით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პოზიტიურ ასპექტებზე საუბარი აუცილებელია.

კონსტიტუციაში განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტზე გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებს კრიტიკული შენიშვნები აქვთ. მათი აზრით, საარჩვენო მაჟორიტარული სისტემის გარდა, უმრავლესობამ პარლამენტში მანდატების გადანაწილების საკითხიც უნდა დაარეგულიროს.

ზაზა გაბუნია განმარტავს, რომ გადაუნაწილებელ მანდატებს პირველ ადგილზე გასული პარტია იმიტომ მიიღებს, რომ ეს ევროპის ქვეყნებში არსებული პრაქტიკაა და საერთაშირისო სტანდარტია.

კურიერის პირდაპირ ეთერში ზაზა გაბუნიამ პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების თაობაზეც ისაუბრა. მან ყველა ის უფლებამოსილება ჩამოთვალა, რომელიც პრეზიდენტს შეუნარჩუნდება და მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს პრეზიდენტის ინსტიტუტი შეიზღუდება.

ის აღნიშნავს, რომ საქართველოში, ისევე, როგორც სხვა საპარლამენტო სახელმწიფოებში, პრეზიდენტის არჩევითობა პირდაპირი წესით არ უნდა მოხდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები