16 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
სოციალური დახმარება, პირველადი ჯანდაცვის პროგრამები, DRG სისტემა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ონკოპაციენტები - პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს უსმენენ

პარლამენტი ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელს უსმენს. მიხეილ სარჯველაძე საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატით იმყოფება. მოსმენას არ ესწრება ოპოზიცია.

სოციალური დახმარება, პირველადი ჯანდაცვის პროგრამები, DRG სისტემა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ონკო პაციენტები - ეს არის ნაწილი თემების, რაზეც მინისტრმა ისაუბრა.

მიხეილ სარჯველაძემ აქცენტი ონკოლოგიის მზარდ დაფინანსებაზე გააკეთა. თქვა, რომ წლიდან წლამდე პროგრამები უფრო მეტ სერვისს და ბენეფიციარს მოიცავს.

"მეთერთმეტე წელია, რაც ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლის მიზანიც გახლავთ, ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე წვდომისთვის პირობების შემსუბუქება თითოეული პაციენტისთვის. 2012 წლის მიწურულამდე საქართველოს ჯანდაცვის სისტემა იმართებოდა იმ პრინციპით, რომ პაციენტის კეთილდღეობაზე თანხის ხარჯვას თვლიდნენ შავ ხვრელში ფულის გადაყრად.

ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, 2013 წლიდან დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც ჯანდაცვის სისტემა საქართველოში დააყენა სწორი და შეუქცევადი განვითარების რელსებზე.

ჯანდაცვაზე გაწეული სახელმწიფო დანახარჯები 2012 წელს გახლდათ 450 მილიონი ლარი, 2024 წლის მდგომარეობით, დაგეგმილია მილიარდ 621 მილიონი ლარის დახარჯვა ზუსტად იგივე სფეროზე.

ონკოლოგიის დაფინანსებას რაც შეეხება, 2012 წლის განმავლობაში დანახარჯი შეადგენდა 13 მილიონ ლარს. წელს, დაგეგმილი ხარჯის ოდენობა შეადგენს 229 მილიონს. დავიწყეთ საბოლოო ელიმინაციის ფაზაზე მუშაობა, ეს არის პროგრამა, რომლის განხორციელების თაობაზე მსოფლიოში სახელი გაითქვა საქართველოს პრაქტიკამ.

ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა, გასულ წელს, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით, უპირველესად, უნდა ითქვას, რომ დაწესდა ე.წ რეფერენტული ფასების პოლიტიკა. ხარისხის მიმართულებით, კარგი საწარმოო პრაქტიკის ე.წ GMP-ის და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის ე.წ GDP-ის სტანდარტების აქტიური დანერგვის პირობებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფისთვის შესაძლებლობები. 2023 წელს 2000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი და ამ მიმართულებით აქტიური მოაბარეს გრძელდება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები