15 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა - ექსპერტების შეფასებით, მოწინავე პოზიცია იმპორტიორებისთვის დადებითი გზავნილია

მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის პირველი ადგილი - ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევის მიხედვით, საქართველო გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ მოწინავე პოზიციას იკავებს. ფინანსთა მინისტრის შეფასებით, ღია ბიუჯეტის ინდექსი საჯარო ფინანსების მართვის სფეროში, ბოლო წლების განმავლობაში, თანმიმდევრული და სწორად დაგეგმილი რეფორმების შედეგია.

მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს საქართველოს ბიუჯეტის ზედამხედველობის მიმართულებითაც. 2021 წლის კვლევასთან შედარებით, 74-ე პოზიციის ნაცვლად, შეფასება 83 ქულამდე გაიზარდა და რეიტინგით ქვეყანამ 21-ე ადგილიდან მე-5 ზე გადაინაცვლა. 2012 წლიდან საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით, შეზღუდული გამჭვირვალობის ქვეყნების ჯგუფიდან 2017 წლისთვის, სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში გადავიდა. საპარლამენტო ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ამ მონაცემებს მოსახლეობისთვის ხელშესახები შედეგები არ მოაქვს.

ბიუჯეტის გამჭვირვალობა, ზედამხედველობა, მოქალაქეთა ჩართულობა - ეს ის კრიტერიუმებია, რომლებსაც მმართველი გუნდის შეფასებით ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკა განსაზღვრავს. უმრავლესობის წევრების განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანი ეკონომიკაში არსებული დადებითი ტენდენციების შენარჩუნებაა.

სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით გამოეხმაურა ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი ოპონენტებს მიმართავს კითხვით, თუ საქართველოს მთავრობა რუსი და კორუმპირებულია, საქართველოს ბიუჯეტი როგორ ხდება ყველაზე გამჭვირვალე მსოფლიოს მასშტაბით?! პირველი კანონმდებელი იქვე იმასაც აკონკრეტებს, რომ ოპოზიციის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას - მიუკერძოებელი ფაქტები, სტატისტიკა და რიცხვები უპირისპირდება. გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა და თქვა, რომ ეს ევროპული ფასეულობა
ჩვენს ქვეყანაში, აბსოლუტურად, ყველა სფეროში უნდა დამკვიდრდეს.

ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით, მოწინავე პოზიცია, ექსპერტების შეფასებით, საერთაშორისო ასპარეზზე დადებითი გზავნილია იმპორტიორებისთვის. ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

დღის ამბები