19 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება - "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლის პირველი კომენტარი

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილმა, რომელიც ტელეკომპანიის საქმის განმხილველი დიდი პალატის შემადგენლობაში იყო.

ის მოსამართლეებზე პოლიტიკურ ზეწოლას გამორიცხავს და მხარეებს მოუწოდებს, დაელოდონ უზენაესი სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

თუმცა, ძლიერიშვილი კომენტარს არ აკეთებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„დაელოდეთ დიდი პალატის დასაბუთებულ მოტივირებულ გადაწყვეტილებას, სადაც თქვენ ნახავთ ბუნებრივია იმ მოტივაციას, რატომ მივიდა დიდი პალატა ამ გადაწყვეტილებამდე და ბუნებრივია, ამის მერე შეიძლება იქნეს პასუხები გაცემული, როგორც სამოტივაციო ნაწილზე, ასევე სხვა დანარჩენ საკითხებზე.

"სამოსამართლეო ეთიკა არ მაძლევს იმის შესაძლებლობას წინასწარ აზრი გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რაც ამ შემთხვევაში ჩემი კომპეტენცია არ არის," - აღნიშნა ზურაბ ძლიერიშვილმა. 

კითხვაზე, იყო თუ არა საკმარისი ორი დღე საქმის განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად, მოსამართლე ზურაბ ძლიერაშვილი ამბობს, რომ კოლეგიას არა ორი დღე, არამედ რამდენიმე თვე ჰქონდა.

„თქვენ ნახავთ საქმის მასალებში რომ ეს არის არასწორი ინფორმაცია, კოლეგიას ჰქონდა არა ორი დღე, არამედ რამდენიმე თვის ვადა,“ - აცხადებს ძლიერიშვილი.

მისი თქმით, დიდი პალატის განხილვის საკითხი იყო საკუთრებასთან დაკავშირებული დავა და შესაბამისად, სასამართლომ თავისი სამართლებრივი ვალდებულება შეასრულა.

„ჩვენი განხილვის საკითხი იყო სწორედ საკუთრებასთან დაკავშირებული დავა. სასამართლომ თავის სამართლებრივი ვალდებულება შეასრულა. შესაბამისად, უკვე აღსრულების საკითხი და შემდგომ პროცედურები, ეს არის სასამართლოს ფარგლებს გარეთ.

"მოსამართლემ შესაძლოა პოლიტიკური ზეგავლენით თუ სხვა გავლენებით მიიღოს გადაწყვეტილება, ეს არის სრულიად წარმოუდგენელი. მითუმეტეს, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, პირადად ჩემი და ჩემი კოლეგების ნეიტრალური დამოკიდებულება პოლიტიკური საკითხების მიმართ,“ - აცხადებს მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი. 

დღის ამბები