რუსთავი 2-ის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ნინო გვენეტაძე კითხვებს უპასუხოდ ტოვებს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საუბარი დღეს არც ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ისურვა.
უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლიდან პირველი ზურაბ ძლიერიშვილი აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ დღეს დუმილი დაარღვია. მან განაჩენის საფუძვლები არ განმარტა, მხარეებსა და საზოგადოებას კი სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნებამდე მოცდა ურჩია.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ განაცხადა, რომ განაჩენს პოლიტიკური მოტივი არ აქვს. მან მოსამართლეებზე ზეწოლაც გამორიცხა. იმის შესახებ კი თუ რა გახდა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მიზეზი, ძლიერიშვილი არ საუბრობს.
მოსამართლის განმარტება გაუგებარია რუსთავი 2-ის იურისტებისთვის. სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატების განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქმე განსახილველად მესამე ინსტანციას გადაეცა, მათ კოლეგიის შემადგენლობის დასახელების მოთხოვნით უზენაეს სასამართლოს თვეების განმავლობაში რამდენჯერმე მიმართეს. თუმცა ბოლო დღეებამდე სასამართლო აცხადებდა, რომ კოლეგია არ იყო დაკომპლექტებული.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა ვადები დასჭირდება რუსთავი 2-ის საქმის განხილვას ევროსასამართლოში. სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის თავმჯდომარე და ლატვიის პარლამენტის წევრი, ბორის სილევიჩი აცხადებს, რომ ეს უფრო შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება, ვიდრე სხვა შემთხვევებში.