19 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე - ოპოზიცია უზენაესი სასამართლოს მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბრობს 

საპარლამენტო ოპოზიცია უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ იმ ინფომრაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2-ის საქმეზე დიდი პალატა 1 დეკემბერს დაკომპლექტდა.

ევროპული საქართველოს წევრები ამბობენ, რომ უზენაესი სასამართლო ცდილობს, თავი სტრასბურგის სასამართლოს წინაშე იმართლოს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ოთარ კახიძის თქმით, დღეს ხელისუფლება სამართლებრივ ჭაობშია.

„ხელისუფლება ცდილობს, რომ ამ ვითარებიდან გამოძვრეს, მაგრამ ისინი არიან სამართლებრივ ჭაობში და ყოველი ახალი მოძრაობა მათ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს. უზენაესი სასამართლო რომ დაკვეთას ასრულებდა, ეს ყველასთვის ნათელი იყო, აბსოლუტურად გასაგები იყო, რომ შეუძლებელი იყო ერთ და ორ დღეში საქმის განხილვა, ამიტომ  შეეცადნენ უკანა რიცხვით რაღაცეების გასწორებას. რაც მეტ ამგვარ შეცდომას დაუშვებენ, მით უფრო მარტივად გაიმარჯვებს თავისუფალი სიტყვა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

უზენაესი სასამართლოს მიერ დოკუმენტების გაყალბებაზე საუბრობენ ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიაში ამბობენ, რომ ფაქტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ჩარევის გარეშე არ მოხდებოდა.

„აქ გვაქვს პირდაპირ საქმე დოკუმენტის გაყალბებასთან და ამაში მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა. ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით სისხლის სამართლის დანაშაული. ტყუილს დაემატა ტყუილი და ვეღარ მოახერხა უზენაესმა სასამართლომ ამ სიცრუის ისე  დალაგება, რომ ეს არ გამხდარიყო ხილული საზოგადოებისთვის,“ - აცხადებს აკაკი მინაშვილი.

კომენტარისგან თავს იკავებს საპარლამენტო უმრავლესობა. თამარ ჩუგოშვილი საზოგადოებას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დალოდებას ურჩევს.

„ეს თვითონ სასამართლოს საქმეა და სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე მე ბევრ კომენტარებს არ ვაკეთებ. მითუმეტეს, ამ საქმის განხილვა მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ნებისმიერი კომენტარი მგონია ზედმეტი. იმიტომ, რომ ძალიან კომპეტენტური ორგანოს მიერ მოხდება შეფასება, რამდენად სწორად წარიმართა ჩვენს ეროვნულ დონეზე პროცესი,“ - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები