არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მმართველი გუნდის მიმოწერას აფასებენ. მათი აზრით, პოლიტიკური მითითებების გაგზავნა იმ უწყებების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დეპოლიტიზირებულები უნდა იყვნენ, მიუღებელია.
ელექტრონული წერილების მიხედვით, რომელიც პოსტსკრიპტუმს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა ირკვევა, რომ ქართული ოცნების წევრები იღებენ წინასწარ მომზადებულ ტექსტებს, რაც კამერის წინ უნდა ილაპარაკონ.
საიდუმლო მიმოწერის რამდენიმე ფაილიდან ერთ-ერთი რუსთავი 2-ს ეხება. მნიშვნელოვანია, რომ დეპუტატების გარდა, შეტყობინება ეგზავნებათ პროკურატურისა და უსაფრთხოების წარმომადგენლებს და ასევე ივანიშვილის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს.
თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივანი, ნინო გოგუაძე ფიქრობს, რომ პროკურატურა და შსს კვლავ პოლიტიზირებულია.
„რაც შეეხება რუსთავი 2-ის საქმეს, ჩვენ არასოდეს ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ მთავრობა და ქართული ოცნების ხელისუფლება წარმოადგენდა სწორედ იმ მხარეს, რომელსაც ჰქონდა დავა რუსთავი 2-თან,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
ნინო გოგუაძე აღნიშნავს, რომ თავისუფალი დემოკრატები, კოალიციაში ყოფნის პერიოდში, იღებდნენ ე.წ. სამთავრობო შეტყობინებებს, თუმცა ფრაქცია დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს, თუ როგორ განცხადებებს გააკეთებდნენ დეპუტატები.
საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე, პაატა დავითაია აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის საქმეში სახელმწიფო არის ჩართული, ხოლო მმართველი გუნდი და ყველა სამართალდამცავი უწყება მხარეს წარმოადგენს.
„სუს-ი, რომელიც უნდა მუშაობდეს სახელმწიფო უსაფრთხოებაზე, მუშაობს ბრჭყალებში, კერძო დავებში მონაწილეობაზე და რეალურად, როგორც მხარე გამოდის. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი იქნება სტრასბურგის სასამართლოსთვის,“ - განაცხადა პაატა დავითაიამ.