რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო უზენაეს სასამართლოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
სამოქალაქო სექტორი 6 მარტს უზენაესი სასამართლოს ვებ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სასამართლომ დიდი პალატის 9 კაციანი შემადგენლობა პირველ დეკემბერს დააკომპლექტა, რუსთავი 2-სთვის მათი ვინაობა 3 თვის განმავლობაში უცნობი იყო, ეხმაურება. ამის შესახებ p.s.-ში გასულ რეპორტაჟში იყო საუბარი.
„ამ შემთხვევაში მცდარი ინფორმაციის გავრცელებას აქვს ადგილი, იმიტომ, რომ ჩვენც როდესაც ვავრცელებდით ინფორმაციას რუსთავი 2-თან დაკავშირებით, ჩვენ მაშინ სპეციალურად დავრეკეთ უზენაეს სასამართლოში და მაშინ მათ არ მოგვაწოდეს ინფორმაცია მოსამართლეების ვინაობასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენც შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ პირველ დეკემბერს არავინ იცოდა, ვინ იყვნენ ის მოსამართლეები, რომლებიც განიხილავდნენ რუსთავი 2-ის საქმეს. ეს არის დიდი პრობლემა, რადგან როდესაც არ იცი მოსამართლეების ვინაობა, შენი უფლებები არის შეზღუდული. მგონია, რომ ამ ყველაფერს უზენაესმა სასამართლომ უნდა უპასუხოს,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.
იურისტი, ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი 2-ის საქმის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესი იყო, სასამართლოს მხრიდან გამჭვირვალობა იყო მაქსიმალურად დაბალი, მისი განცხადებით, ეს ეხება დიდი პალატის შემადგენლობასაც.
არასამთავრობო ორგანიზაციის კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტის, არჩილ ჩოფიკაშვილის აზრითაც, რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ვინაობა იურისტებისთვის უნდა ეცნობებინა.