არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანალიტიკოსი გიორგი ბერაია უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, უზენაეს სასამართლოს დიდი პალატის 9 კაციანი შემადგენლობა 1-ელ დეკემბერს დაუკომპლექტებია. ბერაია ამბობს, რომ უზენაესმა სასამართლომ ამ საკითხზე განმარტება უნდა გააკეთოს.
ბერაიას თქმით, დაახლოებით თებერვლის ბოლო რიცხვებში ისინი, დაუკავშირდნენ უზენაეს სასამართლოს და მიიღეს იგივე პასუხი, რომ დიდი პალატა ჯერჯერობით არ იყო ჩამოყალიბებული.
„ჩვენთვის სრულიად გაუგებარი იყო ის ინფორმაცია, რაც შემდგომში გავრცელა მედიით, რომ 1-ელ დეკემბერს იყო ჩამოყალიბებული, როგორც ირკვევა უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა,“ - განაცხადა ბერაიამ.
მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება. ბერაია იმ შესაძლო მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც დიდი პალატის შემადგენლობა არ გახმაურდა.
„შეიძლება მიზეზი ყოფილიყო ისეთი გულუბრყვილობა, თითქოს ეს მოსამართლეები არ გამხდარიყო ცნობილი მხარესთვის, რომ შემდგომ რუსთავი 2-ს რაღაც სიუჟეტები არ მოემზადებინა ამ კონკრეტულ მოსამართლეებზე,“ - განაცხადა ბერაიამ.
მისი თქმით, „მხარეს აქვს უფლება, იცოდეს ვინ იხილავს მის საქმეს."
„თუ არ იცის მხარემ, ვინ იხილავს მის საქმეს, ცხადია იგი ვერ დააყენებს შუამდგომლობებს. ეს უფლება ფაქტობრივად, ჩამორთმეული ჰქონდა მხარეს ამ პერიოდში მანძილზე,“ - აცხადებს ბერაია და აქვ ამბობს, რომ მაღალი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, უზენაეს სასამართლოს მოეთხოვებოდა, რომ ინფორმაცია მაშინვე ყოფილიყო ცნობილი საზოგადოებისთვის.