19 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
დიდი პალატის დაკომპლექტება "რუსთავი 2-ის" საქმეზე - არასამთავრობოები და პოლიტიკოსები უზენაესი სასამართლოსგან განმარტებებს ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციებს აინტერესებთ, როდის შეიკრიბა დიდი პალატა, რომელმაც რუსთავი 2-ის საქმე განიხილა. ნინო გვენეტაძის უწყება ირწმუნება, რომ პალატა 1-ელ დეკემბერს დააკომპლექტა, თუმცა ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. უფრო მეტიც, მთელი სამი თვის განმავლობაში უზენაესი სასამართლოდან პასუხი მხოლოდ ერთი იყო - პალატის შემადგენლობა ჯერ ცნობილი არ არის.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილებამდე 1 კვირით ადრე, განმხილველი 9 მოსამართლის ვინაობა ცნობილი არ იყო. 

არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტები აცხადებენ, რომ მოსამართლეთა ვინაობის დამალვითა და მხარეებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებით, უზენაესმა სასამართლომ მხარეთა უფლებები და სამართლიანი სასამართლოს პრინციპი დაარღვია.

სამოქალაქო სექტორის ნაწილი საქმის მონაწილე მხარეების შეცდომაში შეყვანაზე საუბრობს, თუმცა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ უზენაესმა სასამართლომ დოკუმენტაცია ევროსასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილების შემდეგ შეცვალა და ამით 3 დღეში მრავალტომიანი საქმის შესახებ მიღებული დადგენილების გამართლებას შეეცადა.

ახსნა-განმარტებებს ელოდებიან სასამართლოსგან პოლიტიკოსებიც. ოპოზიცია მესამე ინსტანციას სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაში ადანაშაულებს. მათ ნაწილს უფრო კონკრეტული ვარაუდიც აქვს და აცხადებს, რომ მესამე ინსტანცია დიდი პალატის შეკრების თარიღის ცვლილებით, განაჩენის გამართლებას და სტრასბურგთან შელახული იმიჯის გამოსწორებას ცდილობს.

მმართველ გუნდს ამ საკითხზე შეკითხვები არ უჩნდება. თემაზე კომენტარს უზენაესი სასამართლოს გარდა, სასამართლო ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებიც ამბობენ.

ავტორები: ქეთი ნადიბაიძე, ია გულიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები