ოპოზიცია ნაზღაიძისთვის ქონების გადაცემაში კორუფციის ნიშნებს ხედავს. მათი თქმით, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის სასარგებლოდ მხოლოდ იმ მიზეზით იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ის რუსთავი 2-ის საქმის ერთ-ერთი განმხილველი მოსამართლე იყო.
„ნათელია, რომ თბილისის მერმა ამ კონკრეტულ შემთხვევაში განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრები და ქონება მოახმარა რუსთავის 2-ის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც საბოლოო ჯამში ხელისუფლებისთვის სტრასბურგში დასრულდა, სადაც, სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფომ დიდი შენიშვნა მიიღო ევროპული საზოგადოებისგან,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი აბესაძემ.
საკრებულოს ნაციონალურ მოძრაობაში ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ის იყო დანაშაულებრივი სქემა. ოპოზიციის წევრების განცხადებით, პროკურატურა ნაზღაიძის საქმეზე გამოძიების დაწყებას ხელოვნურად აჭიანურებს.
„დიახაც, სწორედ იმიტომ, რომ ეს იყო რუსთავი 2-ის მოსამართლის ოჯახი, ამიტომ გადაეცა ბატონ ნაზღაიძეს მილიონიანი ქონება,“- განაცხადა საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი ნაზღაიძის საქმეზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა.
„თითქოს ადრე ერთობლივი განცხადება არასამთვრობო ორგანიზაციების ერთი განცხადება იყო და მეორე არის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება, ერთმანეთის საწინააღმდეგოა, ამაში ძალიან ცდება დავით ნარმანია, ვინაიდან, პირველი ამ საქმესთან დაკავშირებით უბრალოდ იყო განცხადება, გუშინ, რაც წარმოადგინა საია-მ იყო დეტალური კვლევა ნაზღაიძის ოჯახისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემისა. ეს იყო გულმოდგინე კვლევა, განსხვავებით იმ განცხადებისგან, რომელიც იყო განცხადება და მორჩა, იქ არანაირი დეტალები არ იყო. შესაბამისად, ნარმანია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოდის, ასეთი რამე არ უნდა ეშლებოდეს, მაგრამ ეშლება, რადგან სხვა გზა არ აქვს,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.