19 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
ნაზღაიძის საქმეზე "საია"-ს კრიტიკული დასკვნა - საკრებულოს უმრავლესობამ დამატებითი დოკუმენტები წარადგინა

რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კრიტიკულ დასკვნას დღეს საკრებულოს უმრავლესობაში უპასუხეს. მმართველი პარტიის წევრებმა დამატებითი დოკუმენტაცია წარმოადგინეს, რომელიც, მათი აზრით, ახალგაზრდა იურისტებმა კვლევას უნდა დაურთონ და დასკვნის შინაარსიც შეცვალონ.

„ჩვენ გვაქვს 4 დოკუმენტი, რომელიც არ არის გათვალისწინებული კვლევაში, პირველი არის ბანკსა და ნაზღაიძე-ჩოხელს შორის მიმოწერა 2015 წლის მაისში ოფციასთან დაკავშირებით, თვითონ სტიქიის დროს საჯარო რეესტრის ამონაწერი, სადაც ფიქსირდება, რომ არის ოფცია, ასევე მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, 3 ივნისს ეს ტერიტორია ნაზღაიძე-ჩოხელისაა და ფაქტობრივად, ისინი იწყებენ მოლაპარაკებას სამშენებლო კომპანიასთან, რომ მოხდეს ამ ტერიტორიაზე მშენებლობა,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განაცხადეს, რომ დოკუმენტები მათ მიერ მიღებულ დასკვნას კიდევ უფრო ამყარებს. 

„ეს დოკუმენტები ამყარებს ჩვენს მოსაზრებას, რომ იქ პრინციპში, არ არსებობდა საფუძველი ქონების ჩამორთმევისა იმ ფორმით, იმიტომ, რომ ეს მემორანდუმი საუბრობს მხარეთა განზრახვაზე და ეს არის სტიქიამდე გაფორმებული მემორანდუმი, გარდა ამისა, სტიქიის შემდგომ კომპანიამ უარი თქვა, ვინც პოტენციურად განიხილებოდა ინვესტორად ამ ტერიტორიაზე. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მემორანდუმში აღნიშნულია, რომ მიწაზე არსებობს ბანკთან დაკავშირებული ვალდებულება, არათუ ბანკთან ვალდებულებები, არამედ ბანკის საკუთრება იყო, ცხადია.

"საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერების მიხედვით, 2013 წლის დეკემბერში დარეგისტრირებული საკუთრების უფლება საქართველოს ბანკზე პირდაპირ მიუთითებს, რომ ოფცია გრძელდებოდა მხოლოდ 2014 წლის პირველ ივნისამდე. შესაბამისად, ეს დოკუმენტები არაფერ განსაკუთრებულ არგუმენტს არ აძლევს საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებს,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები