რუსთავი2-ის ადვოკატებმა უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილი საქმის მასალები დღეს მიიღეს. სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატებს ახალი მასალები ეჭვს უჩენს იმის შესახებ, რომ ოფიციალურ დოკუმენტაციაში დიდი პალატის დაკომპლექტების თარიღთან დაკავშირებით ცვლილება უკანა რიცხვით შევიდა.
დიმიტრი საძაგლიშვილი უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის დაკომპლექტების თარიღის შეცვლაზე საუბრობს.
„მოსამართლეები უხერხული მდგომარეობიდან გამოსვლას შეეცადნენ იმ განცხადებით, რომ თითქოსდა, ისინი მუშაობდნენ რამდენიმე თვე უკვე და არა 3 დღე. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ძველი თარიღით დოკუმენტის ჩადება საქმის მასალებში და გამოთხოვილი დოკუმენტაციიდან გარკვეულწილად კიდევ უფრო გაგვიღრმავდა ეჭვები ამ დოკუმენტის თარიღთან დაკავშირებით,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
6 მარტს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე გაჩნდა ინფორმაცია, სადაც წერია, რომ უზენაესმა სასამართლომ 1 დეკემბერს დააკომპლექტა დიდი პალატის 9-კაციანი შემადგენლობა, თუმცა რუსთავი2-თვის მათი ვინაობა 3 თვის განმავლობაში უცნობი იყო.