რუსთავი 2-ის მფლობელებისა და შემდეგ უკვე სამაუწყებლო კომპანიის გუნდის შეთავაზებას პოლიტიკური პარტიები აფასებენ. ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლების თქმით, თანამშრომლებისთვის საკონტროლო პაკეტის გადაცემით დაცული იქნება არხის სარედაქციო პოლიტიკა ზეგავლენისგან.
პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი ირმა ნადირაშვილი რუსთავი 2-ის გუნდის მიერ ძმები ყარამანიშვილების მიმართ შეთავაზებას სწორ გადაწყვეტილებად აფასებს.
„სტრასბურგის სასამართლოს მთავრი გზავნილი იყო რუსთავი 2-ის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება. ის, რაც მოვისმინე ნიკა გვარამიასგან და რუსთავი 2-ის კოლექტივისგან, მე ვთვლი, რომ არის აბსოლუტურად სწორი გზა ამ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ საზოგადოების დაკვეთაა, რომ რუსთავი 2 დამოუკიდებელი იყოს.
„სწორედ ეს არის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი, რომ რუსთავი 2-მა შეინარჩუნოს ჭეშმარიტად სახალხო ტელევიზიის სტატუსი,“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.