საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიცია კიდევ ერთხელ დააყენებს მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული ქონების საკითხს.
„დავით ნარმანიას მიმართ არსებობს ძალიან ბევრი შეკითხვა, მათ შორის, ნაზღაიძის თემასთან დაკავშირებით, რატომ ამოაცალა დედაქალაქის მოსახლეობას ერთი მილიონი ლარი ჯიბიდან და რატომ გადასცა ამ ერთ კონკრეტულ ოჯახს,“ - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის წევრმა, თამაზ შოშიაშვილმა.
უმცირესობა ბავშვთა სამყაროს დაზარალებული მოვაჭრეებისთვის კომპენსაციების საკითხზეც აპირებს მსჯელობას.
„მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში უამრავი პრობლემაა დაგროვებული, როგორც ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური, ეკოლოგიის მიმართულებით, დავით ნარმანიასთან მთავარი კითხვა კვლავ და კვლავ იქნება რუსთავი 2-ის მოსამართლის ოჯახისთვის გადაცემული მილიონიანი ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც აბსოლუტურად უკანონოდ გადაეცა,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.
პარალელურად, კი უმცირესობაც და უმრავლესობაც 11 აპრილის საკრებულოს სხდომისთვის ემზადება, სადაც დედაქალაქის მერი წლიური ანგარიშით წარდგება.
„დავით ნარმანიამ თავიდანვე განაცხადა და ჩვენი განცხადებებიც იყო ყოველთვის იმდაგვარი, რომ აუცილებლად მოვიდოდა აპრილის დასაწყისში გეგმიური ანგარიშით, რომელიც ყოველ წელიწადს იმართება და გასცემდა ყველა კითხვაზე პასუხს, მათ შორის, ნაზღაიძესთან მიმართებაში, უფრო სწორად შევასწორებდი, მოქალაქე ჩოხელისთვის დახმარების გაცემასთან დაკავშირებით,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ტყემალაძემ.