19 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
სახელმძღვანელოების დაბეჭდვის კრიტერიუმები - გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია შესაძლო მონოპოლიაზე საუბრობს

რომელი გამომცემლობები მიიღებენ სახელმძღვანელოების დაბეჭდვის უფლებას და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საგამომცემლო სახლი, ამ დრომდე უცნობია. განათლების სამინისტრო არ აკეთებს განმარტებებს, რატომ შეიცვალა ავტორებთან და საგამომცემლო სახლებთან შეთანხმებული მოდელი.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი ამბობს, რომ მიუხედევად შეთანხმებისა, განათლების მინისტრმა სახელმძღვანელოების გრიფირების მოდელი, რომელიც გამომცემლებს თავად შესთავაზა, მაინც შეცვალა. 

განათლების სამინისტროს გრიფირების წესის წინააღმდეგი კიდევ 20-მდე გამომცემლობაა. ისინი არ იზიარებენ პოზიციას, რომ საჯარო სკოლებში შესატან წიგნს შემდგენელი თავად ვეღარ გამოსცემს.

გამომცემლები სამინისტროს ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ ტენდერის ჩატარებასაც ეწინააღმდეგებიან. ისინი ფიქრობენ, რომ ეს წესი ბაზრის მონოპოლიის საფუძველს იძლევა, რის გამოც გრიფირების სისტემაში ვერ ჩაერთვებიან.

განათლების მინისტრის გადაწყვეტილებას გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციაც გამოეხმაურა.

ორგანიზაციის წევრები, რომელიც ხვალ საქართველოში ჩამოდიან, ასოციაციის ფეისბუქ გვერდზე საქართველოში სასკოლო სახელმძღვანელოების მიმართულებით მიმდინარე პროცესებზე წერენ. ისინი სახელმწიფოს მხრიდან სახელმძღვანელოების გამოცემის მონოპოლიაზე საუბრობენ.

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის წევრები და ნორვეგიის წიგნის გამომცემელთა ასოციაციის ხელმძღვანელი თბილისში იმ კონფერენციას დაესწრებიან, სადაც სახელმძღვანელოების გამოცემის ირგვლივ მიმდინარე პროცესები განიხილება. კონფერენცია, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ორ დღეში გაიმართება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები