„რისკები ნამდვილად არსებობდა და კვლავ არსებობს, რომ მოხდეს მედია მრავალფეროვნებაში ჩარევა,“ - ეს განცხადება სახალხო დამცველმა მედიასთან 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.
უჩა ნანუაშვილმა რუსთავი2-ის საქმეზე გაამახვილა ყურადღება.
"საუბარია იმაზე, რომ სასამართლო პროცესში, როგორც პირველ, ასევე სააპელაციო განხილვის დროს გარკვეული კითხვის ნიშნები დაისვა, მათ შორის, რუსთავი2-ის საქმის განხილვასთან დაკავშირებით. რისკები ნამდვილად არსებობდა და კვლავ არსებობს, რომ მოხდეს მედია მრავალფეროვნებაში ჩარევა და კრიტიკული მედიასაშუალებებისთვის მაქსიმალურად ყველა პირობა უნდა იყოს შექმნილი, რომ თავისუფლად განაგრძონ მუშაობა,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ომბუდსმენმა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობდა გარკვეული კითხვის ნიშნები.
„ასევე კრიტიკულად ვაფასებთ იმ პროცესებს, რომელიც დაიწყო საზოგადოებრივ მაუწყებელში, სადაც არაერთი კითხვის ნიშანი არსებობდა. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ მაქსიმალურად ხელი შეეწყობა დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის ფუნქციონირებას, მით უმეტეს, როცა ამაზე არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, მათ შორის საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვას პარლამენტი 11 აპრილიდან იწყებს.