რუსთავი 2-ის დამფუძნებლები და ყოფილი მეწილეები აცხადებენ, რომ დომენი rustavi2.com დავით დვალის საკუთრება იყო წლების განმავლობაში და მისი უკან დაბრუნება მან გუშინ გადაწყვიტა. დავით დვალის თქმით, მან განგებ არავინ გააფრთხილა დომენის გათიშვასთან დაკავშირებით.
„17 წლის განმავლობაში არავის სხვას ეს დომენი არ ეკუთვნოდა. სიტუაცია ცოტა არ იყოს, არ მიდის სასურველი მიმართულებით. ერთი, რომ სამართლებრივი პროცესი არის ჩიხში შესულივით, სტრასბურგს ვგულისხმობ, სტრასბურგი დროში ჩიხია და სტრასბურგი ჩვენთვის ჩიხია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ამ პროცესში არ ვმონაწილეობთ. არ აღმოჩნდეს ისე, რომ სულ ცოტა ხანში იმის მაგივრად, რომ ე.წ. სამართლიანობის აღდგენის, რომელიც უკვე ყბადაღებულად იქცა, მაგივრად მივიღოთ სრულიად ბინძური კულუარული გარიგება ორ ხელისუფლებას შორის, წარმომადგენლებს შორის ახალსა და ძველს შორის,“- განაცხადა დავით დვალმა.
დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე სამაუწყებლო კომპანიასთან დაკავშირებითაც აკეთებენ განცხადებას. მათი თქმით, რუსთავი 2-ის დასაბრუნებლად ისინი სამართლებრივი პროცესის დაწყებას აპირებენ და საქმის სტრასბურგის სასამართლოში შეტანასაც არ გამორიცხავენ.
„ეს საქმე პროკურატურაში 5 წელია დევს და დღის სინათლე არ ნახა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საიტი გამოვიყენოთ ისევ ამ საქმისთვის. ძალიან ბევრი მასალა, რომელიც პროკურატურაში არსებობს, დაიდება ამ საიტზე, იქნება ძალიან ბევრი საინტერესო, უცნობი მასალა. თუ პროკურატურა თვითონ არ აპირებს ამ მასალის გამომზეურებას და დასკვნის გაკეთებას, ჩვენ ვიქნებით იძულებული, ის რაც ჩვენ ხელთ არის, ჩვენს საიტზე დავდოთ, რათა ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ნათელი გახდეს,“ - განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.
შეგახსენებთ, რომ სამაუწყებლო კომპანიამ ვებ გვერდის მისამართი შეიცვლა და rustavi2.ge გახდა.