19 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება - ნინო გვენეტაძის პირველი კომენტარი

რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების ვადა იწურება და როგორც სასამართლოს თავმჯდომარე განმარტავს, დოკუმენტი მხარეებს დღის ბოლომდე ჩაბარდებათ.

ნინო გვენეტაძის მტკიცებით, ამ გადაწყვეტილებაში არის პასუხი ყველა კითხვაზე, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეზე საზოგადოებას და მხარეებს გაუჩნდათ.

„ყველა კითხვაზე პასუხი, რომელიც თქვენ გაწუხებთ ან საზოგადოებას აინტერესებს, არის გადაწყვეტილებებში და იმ განჩინებებში, რომელიც დღეს იქნება მხარეებისთვის ჩაბარებული. სასამართლო ხელისუფლება იცავს იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც არა მხოლოდ ეთიკური პრინციპია, არამედ საკანონმდებლო მოთხოვნაა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე არ ყოფილიყო კომენტარი გაკეთებული,“ - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

დღესვე სასამართლოს თავმჯდომარემ დიდი პალატის დაკომპლექტების საკითხზეც ისაუბრა, თუმცა დეტალები არ განმარტა.

„კონკრეტულად თქვენს შეკითხვას რაც შეეხება, დიდი პალატის ფორმირებასთან დაკავშირებით, ის, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო, აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია დროულად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიეწოდათ და გავრცელდა სასამართლოს ვებ გვერდზე,“ - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

დღის ამბები