რუსთავი2-ის საქმეზე დიდი პალატის დასაბუთებულ განჩინებას სამაუწყებლო კომპანიის იურისტები ელოდებიან. ისინი ამ წუთებში უზენაესი სასამართლოს კანცელარიაში იმყოფებიან.
ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, დიდი პალატის განჩინება სამაუწყებლო კომპანიას სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენი დოკუმენტაციისთვის სჭირდება.
„უზენაესი სასამართლოს განჩინების ჩაბარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარსადგენ აპლიკაციისთვის, რა თქმა უნდა, გვესაჭიროება, გავაანალიზოთ სასამართლო დასკვნები და ევროპულ სასამართლოს მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა ნაწილში და როგორ განხორციელდა ჩვენი უფლებების დარღვევა,“ - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.
დიდი პალატის განჩინება 170-გვერდიანია და მისი შინაარსი ადვოკატები გაცნობის შემდეგ საზოგადოებას წარუდგენენ.