რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის ადვოკატები არასამთავრობო ორგანიზაციებს დღეს გადაუგზავნიან. განჩინება ასევე დაერთვება სტრასბურგში გასაგზავნ დოკუმენტაციას.
ადვოკატების შეფასებით, გადაწყვეტილებაში ურთიერთგამომრიცხავი გარემოებებია და ის არ ეყრდნობა არანაირ მტკიცებულებას.
„გადაწყვეტილებაში არის რიგი ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები, გარდა გადაწყვეტილებისა განჩინებებზე გვაქვს უარი. მაგალითად ვთვლით, რომ აცილებებთან დაკავშირებით სასამართლომ ფაქტობრივად მკვდარ ნორმად გამოაცხადა, საპროცესო კოდექსისი ის ნორმა, რომელიც საკმარისი საფუძველი იყო აცილებისათვის. ამ გადაწყვეტილებით ვფიქრობთ, რომ საერთოდ ყველას მოესპო საშუალება, რომ ოდესმე დააყენოს მოსამართლის აცილების საკითხი.
ფაქტობრივად დიდმა პალატამ სრულად წაართვა ყველას უფლება, რომ თუ ის თვლის, რომ არსებობს ეჭვი მოსამართლის მიუკერძოებლობაში, გამოიყენოს ეს ნორმა, რაც კატასტროფულია და კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევაა,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
რუსთავი 2-ის იურისტები აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით არსებობს საკმარისი საფუძველი იმისა, რომ რუსთავი 2-მა წარმატებით განახორციელოს საკუთარი უფლებების დაცვა სტრასბურგის სასამართლოში.
უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება 170 გვერდიანია. ის გუშინ ჩაბარდა დაცვის მხარეს. განჩინებით უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელევიზია ქიბარ ხალვაშს გადასცა და მას ყველა მოსამართლემ მოაწერა ხელი.