ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის შეფასებით, რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინებით დადასტურდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების რეალური მტკიცებულება არ ჰქონდა.
ზაზა ხატიაშვილის თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.
„ამ საქმეს არაფერი ჰქონდა საერთო სამართლებრივ რეგულაციებთან და ეს დადასტურდა დღევანდელი გადაწყვეტილებით, ვინაიდან ჩვენ დავინახეთ, რომ არანაირი მტკიცებულება რეალური, რასაც სასამართლო დაეყრდნო, არ არსებობდა.
"სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ვფიქრობ, დასაბუთების გარეშე. მინიმუმ ორი მუხლი, კონვენციის მე-6 მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლება და კონვენციის მე-10 მუხლი - გამოხატვის თავისუფლების უფლება, რუსთავი 2-თან მიმართებაში კი არ დაირღვა, დაინგრა და განადგურდა,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებენ პოლიტიკოსებიც. ისინი პროცესის პოლიტიზირებასა და სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე ამახვილებენ ყურადღებას.
„დიდ პალატაში არცერთ მოსამართლეს განსხვავებული აზრი რომ არ გაუჩნდა, არცერთ მოსამართლეს არ გაუჩნდა მოსაზრება, რომ დაებარებინათ ზეპირ მოსმენაზე და დამატებითი შეკითხვები დაესვათ, ეს ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც არ არის ჯანსაღი სასამართლო სისტემაში,“ - ამბობს რესპუბლიკური პარტიის წევრი თამარ კორძაია.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აღნიშნავს, რომ განჩინებამ დამატებითი კითხვის ნიშნები გააჩინა, რაც ცუდი პრეცენდენტია შემდგომი სასამართლო დავებისთვის.
„როგორც პრეცენდენტი, უზენაესი სასამართლოს მხრიდან ასეთი განაჩენის გამოტანის, ეს არის ძალიან მძიმე, იმიტომ, რომ ამას შემდგომში შეიძლება ჰქონდეს გავლენა სხვა მსგავს დავებზე,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.