საქართველოს პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონის გასაჩივრებაზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ იზიარებს იმ სულისკვეთებას, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციები და საჩივარზე ხელმომწერი მოქალაქეები მოქმედებენ, თუმცა პრეზიდენტი არ აკონკრეტებს იქნება თუ არა ის პირადად საჩივრის ხელმომწერებს შორის.
დღეს ბოლო დღეა, როდესაც მოქალაქეებს შეუძლიათ შეუერთდნენ მოსმენების შესახებ კანონის წინააღმდეგ კამპანია ეს შენ გეხებას საჩივარს. განაცხადების მიღება თბილისში, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს, ქუთაისში - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ბათუმში საერთაშორისო გამჭვირვალობის ოფისებში ხდება.
“ფაქტობრივად ვასაჩივრებთ იგივეს, რასაც ვასაჩივრებდით ერთი წლის უკან. ჩვენ ვთვლით, რომ კვლავ დაუცველია ჩვენი პირადი სივრცე, კვლავ დაუცველია ჩვენი პირადი მონაცემები. უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ არ უნდა იყოს აქ ასაწონი ადამიანის უფლებები და უსაფრთხოება. მოსმენები უნდა არსებობდეს, მაგრამ უნდა არსებობდეს კანონიერი მოსმენები,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორის გიორგი კლდიაშვილის თქმით, ის ცვლილებები, რომელიც შემოდის არა თუ აუმჯობესებს, არამედ პირიქით გააუარესებს იმ პრაქტიკას, რომელიც არსებობდა აქამდე.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წევრი გოჩა სერგოშვილი კი აღნიშნავს, რომ "პირადული ცხოვრება პირადი ინტერესები, რაც ადამიანს თავისი გააჩნია არ უდნა იყოს გააშკარავებული მისი ნებართვის გარეშე."