„მედიის გათავისუფლება ხომ ჩვენი ხელსუფლების მიღწევაა,“ - ეს განცხადება ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრისას გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში ციფრული მაუწყებლობის ამოქმედება ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილების შედეგად მოხდა.
ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თავისი დროის უმეტესი ნაწილი რუსთავი 2-ზე საუბარს დაუთმო.
„მედიის თავისუფლების რა დონეზე ვართ, როდესაც საზოგადოება უყურებს როგორ ანაწილებს ზოგიერთი დირექტორი დავაში ჩართული მესაკუთრეების ქონებას. სხვის ქონებას ანაწილებს ისე, რომ თავად უწესებს წესებსაც და რაოდენობასაც. აბა კარგი ბიჭი ხარ, ამაზე ნაკლებს თუ არ გვაჩუქებო. თავის თანამდებობიდან გათავისუფლებას 5 მილიონ აშშ დოლარად აფასებს და პირგასამტეხლოს აწესებს, ხოლო სხვის მთელ ქონებას როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური გამოვლინებებით მხოლოდ ნახევარ მილიონ ლარად. ცინიზმი აქ არ სრულდება, მესაკუთრეს ამორალური გარიგებით განსაზღვრულ სიმბოლურ თანხასაც არ უხდის, ამ უკანასკნელის მცდელობას სასამართლოთი დაამტკიცოს თავისი სიმართლე და დაიბრუნოს წართმეული ქონება, ყველა უხამსი სიტყვის გამოყენებით პასუხობს,"-განაცხადა ქუცნაშვილმა.