19 ნოემბერი 2024,   00:20
ვრცლად
თბილისის მერს საკრებულოში მოხსენებით გამოსვლა აქციის ფონზე მოუწევს

თბილისის მერს საკრებულოში მოხსენებით გამოსვლა აქციის ფონზე მოუწევს. როგორც დაანონსებულია, საკრებულოს შენობასთან, დაახლოებით ერთ საათში საპროტესტო აქციის გამართვას გარემოვაჭრეები გეგმავენ. დავით ნარმანია საკრებულოში 16:00 საათზე მივა. 

საკრებულოში მწვავე დებატებისთვის ემზადებიან. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით დღეს თბილისის მერი წარდგება. 

სიტყვით გამოსვლის შემდეგ დავით ნარმანია დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. ოპოზიცის წევრები სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე ისაუბრებენ, რომელიც, მათი თქმით, თბილისის მერიაში არსებობს.

„ჩვენი შეკითხვები უკავშირდება კორუფციას, რომელიც დედაქალაქის მერიაში დამკვიდრდა, გახშირებულ დაკავებებს, რომელიც თბილისის მერიაში ხშირად ხდება,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის წევრმა, თამაზ შოშიაშვილმა.

ოპოზიცია ყურადღებას რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით ამახვილებენ.

„ეს იქნება მთავარი კითხვა, ამდენი პრობლემის ფონზე, რატომ ჩაიდინა მსგავსი უკანონობა,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის აზრით, თბილისის მერს თანამდებობა ადრევე უნდა დაეტოვებინა, სანამ მისი განცხადებით, კორუფციულ სკანდალში გაეხვეოდა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია დედაქალაქის წევრი, თამარ ცინცაბაძე ყურადღებას ეკოლოგიურ პრობლემებზე ამახვილებს.

უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ დედაქალაქის მერს შეკითხვებს საერთოდ არ დაუსვამენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები