საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე საუბრობს.
კობახიძე ამბობს, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, ცდილობდნენ პოლიტიკური გავლენის მოხდენას სტრასბურგის სასამართლოზე და სწორედ ამ გავლენის ქვეშ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. მისივე თქმით, გაგზავნილი იქნა შესაბამისი წერილებიც.
ამავდროულად კობახიძე აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური არ ყოფილა.
"იყო კონკრეტული ნიშნები იმისა, რომ კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და სხვა სუბიექტები, ცდილობდნენ პოლიტიკური გავლენის მოხდენას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. შესაბამისი წერილებიც გააგზავნეს სტრასბურგის სასამართლოში და ბუნებრივია, ეს იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობა და ბუნებრივია, ამ გავლენის ქვეშ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური, თუმცა მიზანი იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენა,"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კითხვაზე, იყო თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრის სტრასბურგის სასამართლოში ვიზიტი პოლიტიკური გავლენის მცდელობა, კობახიძე ამბობს:
"საგარეო საქმეთა მინისტრს წერილი არ მიუწერია, ჩავიდა სტრასბურგში და არა სტრასბურგის სასამართლოში. ეს სხვა თემაა, ჩვენ ვნახეთ, რომ იყო აბსოლუტურად ღია მცდელობა სტრასბურგზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის, პრეზიდენტის მხრიდან, პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ამაზე იყო საუბარი,"-აცხადებს კობახიძე.