19 ნოემბერი 2024,   01:25
ვრცლად
ექსკლუზივი - სოსო გოგაშვილის ცოლის დების სახელზე გაფორმებული ქონება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის ცოლის დის, ხათუნა მარტყოფლიშვილის სახელზე 2016 წლის აგვისტოში: 

105 ათასი კვ.მ. მიწა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელი მაჩხაანში;

350 ათასი კვ.მ. მიწა სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში;

7 მიწის ნაკვეთი შირაქში, რომლის ჯამური ფართია 1 მლნ. 300 000 კვ.მ.

და თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე მდებარე ბინა გადაფორმდა.

გადაცემა P.S.-მა ჟურნალისტური გამოძიების დროს დაადგინა, რომ ხათუნა მარტყოფლიშვილი, ვის სახელზეც ქონება გადაფორმდა უმუშევარია, საკუთარი სახლი არ გააჩნია და ქირით თბილისში, დობროლუბოვის ქუჩაზე საკუთარი სახლის ოთახში ცხოვრობს. 

სოსო გოგაშვილის სიმამრი, ხათუნა მარტყოფლიშვილის მამა გადაცემა P.S.-თან საუბრისას ამბობს, რომ მის შვილს არანაირი შემოსავალი არ გააჩნია და თავს კერვით ირჩენს, იგივეს ამბობს იმ სახლის მეპატრონე, სადაც მარტყოფლიშვილი ქირით ცხოვრობს. 

გაზეთ ქრონიკა + - ის ჟურნალისტი კახეთში, მაკა მოსიაშვილი აცხადებს, რომ ქონება რეალურად სუს-ის უფროსის მოადგილეს, სოსო გოგაშვილს ეკუთვნის და ცოლის დაზე ფიქტიურად არის გაფორმებული.

"ეს არის ჩვეულებრივ სოსო გოგაშვილის კუთვნილი მიწები. დედოფლისწყაროში ყველამ იცის, რომ აღნიშნული მიწები ეკუთვნის სოსო გოგაშვილს. რა ღირს მიწა - თუ ჩვენ კახეთის ტერიტორიაზე შევადარებთ მაგალითად თელავში არსებულ მიწას და შირაქში არსებულ მიწას, გვაქვს მკვეთრი განსხვავება საბაზრო ფასთან - ერთი კვ.მ. მიწა თუ ღირს თელავში არსებული სასოფლო 10 ლარი, შირაქში ღირს 15-ჯერ და ხშირ შემთხვევაში 18-ჯერ მეტი," - განუცხადა მაკა მოსიაშვილმა რუსთავი 2-ს. 

გადაცემა P.S.- მა ჟურნალისტური გამოძიების დროს დაადგინა, რომ იოსებ გოგაშვილი თბილისში 3 სართულიან სახლს ფლობს, რომელიც მას დეკლარაციაში არ მიუთითებია. სახლი მხატვრების უბანში მდებარეობს და ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით გოგაშვილმა ის შარშან საბანკო კრედიტით იყიდა, თუმცა ირკვევა, რომ მანამდე ეს სახლი სუს-ის უფროსის ცოლის კიდევ ერთი დის, ნინო მარტყოფლიშვილის სახელზე იყო გაფორმებული.

ხდება თუ არა ცოლის დებზე მისი კუთვნილი ქონებების გადაფორმება ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს სოსო გოგაშვილი. მან პოსტსკრიპტუმის კითხვებს არ უპასუხა.

ოპოზიციის თქმით კითხვებს ბადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ქონების წარმომავლობა, რადგან 2013  წლამდე სოსო გოგაშვილის ოჯახი სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ბაზაში ირიცხებოდა და სახელმწიფოსგან შემწეობას იღებდა.

„საარსებო შემწეობას იღებდა 2011 წლის დეკემბრიდან 2013 წლის მარტამდე. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ამავე პერიოდში მათ შეემატათ ოჯახის წევრი და თუ 2011 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ივლისამდე ოჯახი იყო  4-წევრა და იღებდნენ 102 ლარს, ამის შემდეგ ვიდრე გაუუქმდებოდათ საარსებო შემწეობა, იყო 5-წევრა ოჯახი და იღებდნენ 126 ლარს,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

დღის ამბები