თბილისში მომხდარი ქურდობის სავარაუდო მონაწილე შესაძლოა, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის შვილი იყოს. დღეს ამ თემაზე ნაციონალურ მოძრაობაში პრესკონფერენცია გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, უმრავლესობის დეპუტატის შვილის მიერ სუს-ში მუშაობის დასაწყებად წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ამოღებული ნიმუში და ქურდობის ჩამდენის ხელის ანაბეჭდი იდენტურია.
ენმ-ში აცხადებენ, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმირებული იყო როგორც სუს-ის ხელმძღვანელობა, ასევე მთავარი პროკურორიც. თუმცა, მათივე მტკიცებით, მათ დანაშაული დაფარეს.
"სისხლის სამართლის საქმე აღიძრა თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტზე, რომელიც დღემდე გამოუძიებელია. დანაშულის ადგილზე ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საექსპერტო კრიმინალურმა სამსახურმა ნივთმტკიცების სახით ამოიღო სავარაუდო დამნაშავის ხელის ანაბეჭდები, რომელიც ექსპერტიზის ბიურომ ვარგისად ცნო და დარეგისტრირდა სამძებრო სამსახურის ბაზაში. მიმდინარე წელს საქართველოს მოქალაქემ სუს-ს მუშაობის დაწყების სურვილით მიმართა, სპეციალური პროცედურების გავლის შემდეგ, რაც სუს-ში მუშაობის დაწყებას სჭირდება, დაქტილოსკოპიის ანალიზმა გამოავლინა, რომ მოქალაქის ანაბეჭდის ნიმუშები ჩადენილი დანაშაულის ადგილიდან ამოღებული ანაბეჭდების იდენტურია. ჩვენი ინფორმაციით, ამ მონაცემების თანხვედრის შესახებ საქმის კურსში იყო გომელაურის და გოგაშვილის უწყება, მიუხედავად ამისა, რეაგირება არ მომხდარა. პროკურატურამ კი ირაკლი შოთაძის ჩარევით, ეს საქმე საერთოდ მიჩქმალა. საუბარი ეხება მოქალაქეს, რომელიც გახლავთ პარლამენტის წევრის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის შვილს, დავით სესიაშვილს,"- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა და არასამთავრობოებთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, კოტე იოსელიანმა.
ოპოზიციის წევრები ირაკლი სესიაშვილისგან, მთავარი პროკურორისგან, სუს-ის ხელმძღვანელისა და მოადგილისგან განმარტებებს ითხოვენ.
"მოვითხოვთ სუსი-ს ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურისა და მისი მოადგილის იოსებ გოგაშვილისაგან გაასაჯაროონ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მათ ხელთ არსებული ინფორმაცია,"- აღნიშნა იოსელიანმა.
ენმ-ის წევრები გიორგი მღებრიშვილისგან საქმესთან დაკავშირებით შსს-ში არსებული დოკუმენტების გასაჯაროებასაც ითხოვენ.