27 აპრილი 2024,   09:31
ვრცლად
უმრავლესობის დეპუტატის შვილის საქმე - ოპოზიცია და არასამთავრობოები სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას ითხოვენ

ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი სესიაშვილის შვილის ქურდობაში შესაძლო მონაწილეობაზე სხვა ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ეხმაურებიან.

პოლიტიკური პარტიები საქმის დეტალებს არ იცნობენ, თუმცა ამბობენ, რომ საზოგადოებამ უწყებების მხრიდან სრულყოფილი ინფორმაცია უნდა მიიღოს.

„სუს-ი ზოგადად იქცა პოლიტიკურ იარაღად ქართული ოცნების თანამდებობის პირების ხელში, როგორც დასაქმების, ასევე პოლიტიკური დევნის განხორციელების მიზნით პოლიტიკურ ოპონენტებზე, საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანებზე, ამიტომ სუს-თან მიმართებაში ძალიან ბევრი საქმე გამოძიებას მოითხოვს, ბევრი საქმე მოითხოვს დეტალური და ნათელი განმარტების გაკეთებას ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის შეიძლება იყოს ეს საკითხი, სადაც ხელისუფლებას მოეთხოვება, საზოგადოებას დამაჯერებელი პასუხები გასცეს,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია პროკურატურის გამოხმაურებაც.

„ეს არის ის ლეგიტიმური კითხვები, რომელიც ამ საქმესთან მიმართებით არსებობს. ამიტომ ამ კითხვებს გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. მნიშვნელოვანია პროკურატურის გამოხმაურებაც. იმ შემთხვევაში თუ გაირკვევა, რომ გამოძიება გარკვეული მოსაზრებების ან ვითარების გამო ვერ მივიდა ბოლომდე, ან სრულყოფილად არ წარიმართა, ესეც უნდა დადგინდეს. რა იყო ამის მიზეზი, რაიმე ობიექტური გარემოება, რომ გამოძიება არ იყო სრულყოფილი თუ კონკრეტული თანამდებობის პირთა რაიმე სუბიექტური ნება,“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის ანალიტიკოსმა, გოგა ხატიაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები