19 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
შეურაცხყოფა ნებისმიერ ქვეყანაში არის შეურაცხყოფა, რომელსაც შესაბამისი ქმედებები მოჰყვება - ვალერიან ცერცვაძე

შეურაცხყოფა ნებისმიერ ქვეყანაში არის შეურაცხყოფა, რომელსაც შესაბამისი ქმედებები მოჰყვება - ეს განცხადება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ვალერიან ცერცვაძემ გააკეთა.

მოსამართლემ კიდევ ერთხელ განმარტა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა, რომელიც მოსამართლის კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის ზღვარის გავლებას გულისხმობს.

მოსამართლეები ამბობენ, რომ არ უნდა შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, თუმცა არსებული ვითარება შესაცვლელია და უნდა დასრულდეს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება.

„კრიტიკა მოსამართლის დასაბუთებული თუ თუნდაც დაუსაბუთებელი არ უნდა შეიზღუდოს, მაგრამ თუ ეს არის შეურაცხყოფა, ამაზე უნდა დავიწყოთ მსჯელობა და ნათლად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიციები, რომ შეურაცხყოფა უნდა იყოს თუ არა დაუსჯელი, თუ ამას უნდა დავარქვათ ჩვენ კრიტიკა. გამოხატვის თავისუფლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიზღუდოს, მაგრამ შეურაცხყოფა ეს არის სხვა ქმედება, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან," - განაცხადა ვალერიან ცერცვაძემ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მერაბ გაბინაშვილი კი განმარტავს, რომ გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება. მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდა პირდაპირ გაწერილია კონვენციის მე-10 მუხლის მეორე ნაწილში. მათ შორის, სასამართლოს მიუკერძოებლობის და ავტორიტეტის დასაცავად.

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ უნდა შევზღუდოთ გამოხატვის თავისუფლება იმ ნაწილში, რომელიც ეხება სამართლებრივ კრიტიკას. ჩვენ ვამბობთ, რომ პიროვნულ შეურაცხყოფებს ნუ მოგვაყენებენ. მოსამართლეობა და საჯარო მოხელეობა თმენის ვალდებულებას გულისხმობს, მაგრამ თმენის ვალდებულების საზღვრებიც არსებობს,“ - აცხადებს მერაბ გაბინაშვილი.

რა ფორმა ექნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საბჭოს წევრები ამბობენ, რომ უმაღლესი საბჭო საჯარო განხილვას დაიწყებს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები