თბილისის ზღვის ტერიტორიაზე დაგეგმილი მასშტაბურ მშენებლობას, გენერალური გეგმის ავტორები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მშენებლობის ნებართვა არქიტექტურის სამსახურმა გასცა. პროექტზე 4 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს. თუმცა, გეგმის ავტორები არა თუ პროექტის კორექტირებას, არამედ მის არსებით შეცვლას ითხოვენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მსგავსი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს გენერალური გეგმის ჯგუფთან შეთანხმებით.
“თბილისის ზღვა არის ძალიან მნიშვნელოვანი რეკრეაციული ზონა, სადაც დაცული უნდა იყოს სიმწვანე. აქ არის დენდროლოგიური პარკი და ეროვნული პარკი, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ მთლიანობაში ერთიან კონცეფციაში განვიხილოთ ეს, როგორც ქალაქის ძალიან დიდი მწვანე პოტენციალი და აქ ის შედის ქაოტური გადაწყვეტილებებით, გვიდგამს კორპუსებს, თან ისე, რომ ამას არ უთანხმებს ისეთ მნიშვნელოვან ჯგუფს, როგორიც არის გენერალური გეგმის ჯგუფი,“ - განაცხადა ხოშტარიამ.
აღნიშნულ საკითხს ამ წუთებში განიხილავენ ურბანული დაგეგმარების კომისიის სხდომაზე რომელსაც გენერალურ გეგმაზე მომუშავე არქიტექტორები ესწრებიან. პროექტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა მიიღოს.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი აღნიშნავს, რომ თბილისის ზღვას არ შეიძლება რეკრეაციის გარდა, სხვა განვითარება მიეცეს. მისივე თქმით, ადგილი გვაქვს კიდევ ერთ კორუფციულ გარიგებას და ეს არის დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას კიდევ ერთი მცდელობა, რომ დაარღვიოს ქალაქის ურბანული ქსოვილი.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნება - მრეწველების წევრი გიორგი ტყემალაძე კი აცხადებს, რომ კონსულტაციების შედეგად გათვალისწინებული იქნა გეგმის ჯგუფის ძირითადი მოთხოვნები, თუმცა ისინი გადაწყვეტილებას გენ გეგმის ჯგუფის პოზიციის მოსმენის შემდეგ მიიღებენ.