07 მაისი 2024,   04:04
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობაში გაზის ტარიფის ზრდას ადასტურებენ, ოპოზიცია კი ხელისუფლებას აკრიტიკებს

საპარლამენტო უმრავლესობის აზრით გაზის ტარიფი გაიზრდება, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რამდენით გაიზრდება მომხმარებლებისთვის გადასახადი. სემეკის თავმჯდომარე, ირინა მილორავა, აღნიშნავს, რომ კომპანიებმა კომისიაში სატარიფო განაცხადი უნდა წარადგინონ.

საპარლამენტო ოპოზიციაში კი ტარიფების ზრდას ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას უკავშირებენ. ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე, აღნიშნავს, რომ ენერგეტიკაში საინვესტიციო შიმშილია.

„ქვეყანაში ამ მარეგულირებელი პოლიტიკის ხელში, კომპანიები მუშაობენ ზარალის ზღვრამდე... რეალურად, ჩვენ დავინახეთ, რომ არის საინვესტიციო შიმშილი ენერგეტიკაში,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

ევროპული საქართველოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, საზოგადოებას მძიმე ტვირთად დააწვება გაზის ტარიფის ზრდა.

„სამწუხაროდ, ტარიფების ზრდა, რაც ელექტროენერგიაზე 2015 წელს უკვე მოხდა, პირდაპირ კავშირშია და ეს დაადასტურა სემეკის ხელმძღვანელმა, რომ მთავარი განმპირობებელი ფაქტორია და პირდაპირ კავშირშია ლარის დევალვაციასთან,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გაზის მიმწოდებელ 4 კომპანიას უკვე აქვს სემეკში შეტანილი განაცხადი, მათ შორის, ყაზტრანსგაზს და სოკარ გაზს. ამ დროისთვის სემეკს უკვე დაწყებული აქვს სატარიფო პოლიტიკის გადახედვა, თუმცა კონკრეტულად როდის აისახება სემეკის დასრულების შემდეგ გაირკვევა. სემეკს გადაწყვეტილების მისაღებად 150 დღე აქვს.

დღის ამბები