05 მაისი 2024,   13:57
ვრცლად
"მე რომ ვყოფილიყავი კომისიის წევრი, ხმას არ მივცემდი" - ლევან გოგიჩაიშვილი უვადოდ გამწესებულ მოსამართლეებზე

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარებულ კენჭისყრას საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები ეხმაურებიან. ქართულ ოცნებაში კვლავ ამტკიცებენ, რომ ისინი სასამართლოს საქმიანობაში არ ერევიან და მას სრულ ნდობას უცხადებენ.

თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, კომისიის წევრობის შემთხვევაში, ის მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძის უვადოდ გამწესებას ხმას არ მიცემდა.  

„მე რომ ვყოფილიყავი კომისიის წევრი, ხმას არ მივცემდი. არ მივცემდი ხმას თქვენს მიერ დასახელებულ კანდიდატურას,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ოპოზიცია კი მმართველ გუნდს სასამართლოს საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.

„ბატონი სიჭინავა არის ის მოსამართლე, რომელმაც გადაწყვეტა, რომ ძაღლები უნდა ესეირნებინა სასამართლოს სხდომების დროს პოლიტიკური დაკვეთიდან გამომდინარე და ცხადია, ამგვარი დანიშვნები პირდაპირ ზიანს აყენებს მართლმსაჯულების ავტორიტეტს საქართველოში,“ - აცხადებს ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე.

ხელისუფლებას სასამართლოში მოსამართლეთა ე.წ. კლანის ჩამოყალიბებაში ადანაშაულებს ნაციონალური მოძრაობა. თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ გუშინ იუსტიციის საბჭოს მიერ ხელმეორედ გამწესებული მოსამართლეები კანონის ნაცვლად, ქართულ ოცნებას ემსახურებიან.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, მიხეილ ჩინჩალაძე, ოთარ სიჭინავა და შორენა ყაველაშვილი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლეებად, შორენა ყაველაშვილი სამ წლიანი გამოსაცდელი ვადით გაამწესა.

დღის ამბები