05 მაისი 2024,   14:03
ვრცლად
ლისის ტბის მიწების თაღლითურად დაუფლება - ოთხი დაკავებულიდან ერთ-ერთი მცხეთის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელია 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორგანიზებული ჯგუფის ოთხი წევრი, მათ შორის, სოფელ ლისში, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი დააკავა. ერთი პირი კი ამავე ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა, წინასწარი შეთანხმებით, ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტებით, კერძოდ, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტებით და მიწის გადასახადის გადამხდელთა ყალბი საგადასახადო სიების გამოყენებით, თაღლითურად მიითვისეს ლისის ტბის მიმდებარედ არსებული, სახელმწიფოს კუთვნილი 15 000 კვ.მ. (1,5 ჰა) მიწის ნაკვეთი.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მიწის რეალიზაციის შედეგად, ბრალდებულები კანონსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 1 000 000 ლარზე მეტს.

დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ძველი მიღება-ჩაბარების აქტების ცარიელი ბლანკები.  

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოსავლენად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.  

დღის ამბები