02 მაისი 2024,   15:12
ვრცლად
თბილისის საკრებულოს ოპოზიციას მოსამართლე ნატა ნაზღაიძის საქმის გამოძიების იმედი არ აქვს

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის თბილისის მერიის მიერ მილიონიანი ქონების გადაცემის თაობაზე გამოძიების დაწყების იმედი საკრებულოს უმცირესობას არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ოპოზიციის მსგავსად, პროკურატურას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა.

„მიუხედავად იმისა, რომ დიდი ნდობა არ გვაქვს სასამართლოს მიმართ, ჩვენ მაინც ვცდილობთ ყველა პროცედურის დაცვით, ყველა სამართლებრივი გზით, მოვითხოვოთ, რომ ნაზღაიძის ოჯახს ჩამოერთვას ეს ქონება, დაუბრუნდეს თბილისს და მოხმარდეს თბილისელების ინტერესებს,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მარინა დათუკიშვილმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახს, თბილისის მთავრობამ უკანონო გზით გადასცა 1 მილიონი ლარის ოდენობის ქონება.

„მთლიანად სქემა არის იმდენად ჩახლართული, რომ მართლაც ძალიან ბევრ კითხვას მოიცავს. არავის ჰქონდა სურვილი, რომ გაეცა პასუხი. ჩვენს ფრაქციას მანამდე პროკურატურაშიც ჰქონდა შეტანილი სარჩელი. პროკურატურას დღემდე არ დაუწყია ამ საქმის გამოძიება. იმედია, ახლა პარალელურ რეჟიმში, თბილისის საქალაქო სასამართლო ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. იმედია, საიას მიერ შეტანილ სარჩელს მაინც იღებს პროკურატურა ყურად,“ - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

დაიწყებს თუ არა პროკურატურა საქმეზე, საიას მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე, გამოძიებას, ამ დრომდე უცნობია.

ამავე თემაზე
დღის ამბები