02 მაისი 2024,   19:39
ვრცლად
პრემიერის საგანგებო ბრიფინგი - კვირიკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე საუბრისას ოპოზიცია გააკრიტიკა

პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული ახალი კონსტიტუციის ძირითად მიზნებზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საკონსიტიტუციო ცვლილებები სახელისუფლებო შტოებს შორის ფუნქციების გადანაწილებას ხელს შეუწყობს.

„ხარვეზების აღმოფხვრა, კონსტიტუციის დაბალანსება და სრულფასოვან საპარკლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლა იყო ჩვენი გუნდის მხრიდან ცვლილებების ინიცირების მიზანი. ცვლილებებით ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის, პარლამენტი იძენს თავის ბუნებრივ როლს და წონას, მარტივდება პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები. მთავრობა ხდება უფრო ეფექტური, კიდევ უფრო კონკრეტდება პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის ფუნქციები,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ოპოზიცია საკონსიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ არასამთავრობო სექტორის მობილიზების მცდელობის გამო გააკრიტიკა. პრემიერმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური ოპონენტების ეს მცდელობა უსაფუძვლოა და არგუმენტებს მოკლებულია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ უმრავლესობის მიერ ცვლილებების ინიცირება აუცილებელი და გარდაუვალი იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. კვირიკაშვილი განმარტავს, რომ 2010 წელს მიღებული კონსტიტუცია მოიცავდა ბევრ ხარვეზს, რომლის აღმოფხვრაც გახდა უმრავლესობის მიზანი. 

მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს პირველი მოსმენით დაამტკიცა. დოკუმენტის განხილვა ხვალ გაგრძელდება. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები